ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა 

27 დეკემბერი 2021, 10:29 2167 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. ისინი შრომისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას, ასევე ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. 

​აცხადებენ, რომ სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ შვებულებითა და საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებით. 

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირების თავმჯდომარე  ამბობს, რომ  პრობლემები მარტში დაიწყო, არაერთი გაფრთხილებისა და თხოვნის მიუხედავად პრობლემები არ მოგვარდა. ამირან მიქელაძის თქმით, შემუშავებულია მოთხოვნების 9 პუნქტიანი დოკუმენტი. 

''თანამშრომლების კანონიერი უფლებები ირღვევა. გაფიცული დასაქმებულების 60-70%. ჩვენ მოქალაქეების მდგომარეობაშიც შევდივართ, რადგან ავტომობილები ჰყავთ გასაყვანი, ასევე ტვირთი აქვთ გასატანი ამიტომ კოლექტივის ნაწილი მუშაობს. 

ირღვევა შრომის უსაფრთხოების ნორმები. ჩვენ ვითხოვთ შვებულების  კანონდებლობით გათვალისწინებულ დათვლას და გამოყენებას, ბიულეტენის ანაზღაურებას. მუშებს სამი და ოთხი სმენა გადაბულად ამუშავებენ. კომპანია ფინანსურად იგებს. ჩვენი მოთხოვნები კანონის ფარგლებშია, არაფერს ისეთ არ ვითხოვთ, რასაც კომპანია ვერ  შეასრულებს. ამის შესახებ დასკვნა შრომის ინსპექციამაც დადო, ეს გადაწყვეტილება კი კომპანიამ გაასაჩივრა. მიგვიყვანეს იმ ზომამდე, რომ გაფიცვის გარდა სხვა საშუალება არ დაგვიტოვეს'' - აცხადებს ამირან მიქელაძე.

დასაქმებულები ითხოვენ:

1. ცვლიანი სამუშაო გრაფიკის ჩამოყალიბებას;

2. შვებულების გამოყენების წესის დარეგულირება;

3. საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებისა და ხანგრძლივობის კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრა;

4. ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და ანაზღაურება;

5. შრომის ანაზღაურების გაზრდა ქვეყანაში სავალუტო და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით;

6. ღამის ცვლის სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება;

7. დასაქმებულთა კვების თანხის გაზრდა;

8. ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების  საკითხების მოგვარება;

9. დასაქმებულთა დისკრიმინაცია.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში