ეს არ არის რეფორმა, ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის - ლონდა თოლორაია 

27 დეკემბერი 2021, 11:43 1836 ნახვა

ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ ისაუბრა. 

მისივე თქმით, ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია.

უქმდება სახელმწიფო სამსახურის არჩევითი თანამდებობა. თოლორაიას განცხადებით, ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის ეს არის სიგნალი იმისა, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად.

''ეს არის ასევე მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შესაძლებელია ისინი ასე ძალიან მარტივად შესაძლოა დარჩნენ სამსახურის გარეშე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ლონდა თოლორაია არასდროს არ ყოფილა და არ იქნება პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის.

კანონპროექტის ინიცირება დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დიდი ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება, ამასთან სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული სამსახურის ინტერესის დაცვას. თუმცა დღეს მე აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სამსახურის ინტერესებისა და  მისი თანამშრომლების დასაცავად. 

ნაცვლად იმისა, რომ სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლები გადანაწილდნენ სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე შექმნილ ორ უწყებაში, როგორც ეს მოხდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს 2019-ში და როგორც მოხდა ეს განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის დროს, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, არამედ სრულიად ყველა თანამშრომლის. ანუ მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებელია ყველა თანამშრომელი.

ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა თოლორაიამ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში