ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

28 დეკემბერი 2021, 10:39 1281 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლების გაფიცვამ შედეგი გამოიღო. პროფკავშირების თავმჯდომარის ინფორმაციით, დასაქმებულების გაფიცვა დღეს ოფიციალურად შეწყდა, ადმინისტრაციასთან შეხვედრა შედგა და შეთანხმებაც მიღწეულია.

"შეთანხმება გუშინ საღამოს შედგა. რიგ საკითხებზე, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება მიღებულია, არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მუშა პროცესშია. ამის საფუძველზე თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. 

ძირითადი მოთხოვნები იყო თანამშრომლების შრომის უფლებები, ხელფასების მატება, ცვლების დარეგულირება. ცვლების დარეგულირება მოხდება, ხელფასების მატება 15%-ით. მომატებულ ხელფასს აიღებენ იანვარში. ეს შეთანხმება წერილობით შედგება.

შეფერხება ტვირთბრუნვას ემუქრებოდა, გადამისამართება დასჭირდებოდა სხვა პორტებში. ბატონმა ნიკამაც გამოიჩინა ლმობიერება, გამოიჩინა ხალხის, თანამშრომლების აზრიც, სამსახურის ბედიც და გადაწყვეტილება მიიღო, რომ შეთანხმებებზე წამოსულიყო.

დღეისთვის ველოდებოდით გამწვავებას, გუშინ პრაქტიკულად მივეცით კონტეინერებს გასვლის საშუალება"-აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლების ნაწილი გუშინ გაიფიცა. ისინი შრომისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას, ასევე ანაზღაურების გაზრდას ითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ სრულფასოვნად ვერ სარგებლობდნენ შვებულებითა და საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებით.

მოთხოვნების ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა:

1. ცვლიანი სამუშაო გრაფიკის ჩამოყალიბებას;

2. შვებულების გამოყენების წესის დარეგულირება;

3. საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებისა და ხანგრძლივობის კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრა;

4. ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და ანაზღაურება;

5. შრომის ანაზღაურების გაზრდა ქვეყანაში სავალუტო და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით;

6. ღამის ცვლის სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება;

7. დასაქმებულთა კვების თანხის გაზრდა;

8. ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების  საკითხების მოგვარება;

9. დასაქმებულთა დისკრიმინაცია.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში