''ომიკრონის'' საეჭვო შემთხვევებზე აჭარიდან 11 ნიმუში გაიგზავნა  

28 დეკემბერი 2021, 17:08 1351 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის ფილიალის უფროსის განცხადებით, ''ომიკრონის'' შტამით ინფიცირების საეჭვო შემთხვევებზე კვლევები მიმდინარეობს.

ნინო გუგუშვილის თქმით, რეგიონიდან ლაბორატორიაში დღეს შვიდი ნიმუში გაიგზავნა. 4 ნიმუშის პასუხს კი დღის ბოლომდე ელოდებიან. 

საეჭვო შემთხვევებს შორის არიან ბავშვებიც და ხანდაზმულებიც. 

ნინო გუგუშვილის თქმით, მოკვლეულია მათი კონტაქტები და ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. 

"ლაბორატორიული კვლევების შედეგად დღეს-დღეობით აჭარაში 11 შემთხვევაა იდენტიფიცირებული, რომლებსაც უტარდებათ დამატებითი კვლევები. ოთხის კვლევა უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ დღის ბოლომდე გვეცოდინება შედეგები. 7-ის კი დღეს გადაიგზავნება ლუგარში. ყველა შემთხვევა არის იზოლირებული, ზოგი ბინის, ზოგი კი სასტუმროს პირობებში.

ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილად დადასტურდება ახალი შტამი. გამორიცხული იქნა ყველა შესაძლო ვარიანტები რაც აქამდე ცირკულირებდა და დამატებითი კვლევებისათვის გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. არის ბავშვებიც 14 წლამდე და არის ხანდაზმული პირებიც, ყველა შემთხვევა მოკვლეულია და მოკვლეულია მათი კონტაქტებიც. მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები" - განაცხადა ნინო გუგუშვილმა.

მისივე თქმით, ''ომიკორონის'' დამადასტურებელი ტესტები რეგიონის კლინიკებში კვირის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში