სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზით გაწერეს - ნიკა გვარამია 

30 დეკემბერი 2021, 14:02 1021 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ყალბი დიაგნოზით გადაიყვანეს.

ნიკა გვარამიას ამბობს, რომ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და მას სიარულში ბადრაგის თანამშრომლები ეხმარებოდნენ.

მისივე თქმით, გადაყვანის დროს სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, ის იყო დაუძლურებული, საძილე საშუალებებით გაბრუებული.

''მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. როგორც მითხრა, მას მიაკითხა ძალიან ბევრმა ადამიანმა. მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და მაღალი წნევა. როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართოდაო, ამიტომ, არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა. უთხრეს, რომ მიყავდათ რუსთავში, მაგრამ გზაში ცუდად თუ გახდები, გადაგიყვანთ გლდანშიო. ეს არის პირდაპირ მუქარა, წამებით დამუქრება. თუ გაბედავ და ცუდად გახდები, გადაგიყვანთ იქ, სადაც გაწამებთო'' - ამბობს გვარამია. 

ადვოკატის განცხადებით, დაავადება - ვერნიკეს ენცეფალოპათია დიაგნოზიდან მთლიანად ამოღებულია, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი - მძიმეა.

''კომუნიკაბელური არ არის, სუსტად არის, გაბრუებულია. მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ხვალ იქნება განცხადება. სუსტად არის, ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს. ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა. ახლა, შეხვედრისას ჩამოსაყვანი უნდა გახდეს და ასაყვანი, რაც, ჩემი აზრით, მძიმეა'' - თქვა ადვოკატმა. 

 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში