პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს - ლონდა თოლორაია

30 დეკემბერი 2021, 20:35 1123 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის და მოქმედებდა მხოლოდ კანონის დაცვით, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა. 

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს.

"მიღებული კანონის თანახმად სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ჩემი მოადგილეები, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო.

საბედნიეროდ საქართველოს პარლამენტმა, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადობის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წევრების სამდღიანი ბრძოლის შემდეგ შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლების მიმართ და ისინი გადაანაწილა იმ ორ ახალ უწყებაში, რომელიც დღეს მიღებული კანონით უნდა შეიქმნას.

თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად იდგა ევროპული ღირებულებების გზაზე და ნამდვილად ამკვიდრებდა ახალ სტანდარტებს.

ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და მე ვიტოვებ იმედს, რომ იგი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს",-განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში