თუ 6 იანვრამდე პრობლემები არ იქნება მოგვარებული, სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას - ადვოკატი

03 იანვარი 2022, 13:59 1186 ნახვა

თუ 6 იანვრამდე პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს, - ამის შესახებ ადვოკატებმა  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს.

ადვოკატების ინფორმაციით, დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს:  აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი "ემპათია", კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები.

"თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. შემიძლია გითხრათ, რომ უკიდურესი ფორმა იქნება გამოყენებული, თუმცა რა ფორმა ამ ეტაპზე ვერ დავაზუსტებ“, - აღნიშნა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატ ბექა ბასილაის განცხადებით, მათი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ხორციელდება სრულიად იზოლირებულად ისე, რომ კონფიდენციალობა არ არის დაცული.

„ამ დრომდე დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს არ მიეცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილის მონახულების მაშინ, როდესაც ამის მწვავე საჭიროება იდგა. ამავდროულად, ჩვენი და მისი შეხვედრა ხორციელდება სრულიად იზოლირებულად ისე, რომ კონფიდენციალობა არ არის დაცული, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, რაც წარმოადგენს დაცვის უფლებების დარღვევას. ამასთან დაკავშირებით როგორც ადვოკატებს, ასევე მიხეილ სააკაშვილს გვაქვს პროტესტი. უნდა მოგვეცეს სააკაშვილთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ისევე, როგორც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე იყო შესაძლებელი“, - აღნიშნა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში