ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და არც განიხილება - სემეკი

06 იანვარი 2022, 12:40 1737 ნახვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები.

2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება. პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ კომისიაში. სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირების მიერ ხშირად აქვს ადგილი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, –  აცხადებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში