სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა - რა წერია დოკუმენტში

07 იანვარი 2022, 16:48 1794 ნახვა

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული დასკვნა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღეს, რომელიც დაერთო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.

„გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქალაქე ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში). კანში და კანქვეშა ცხომოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი-1 საათი, მარჯვნივ 30 წუთი- 4 საათი.

 

ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე, მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებზე, ასევე თავის ტვინის შერყევაზე, ექსპერტი მათ სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ მიიჩნევს.

"დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან", - წერია დასკვნაში.

დოკუმენტს ხელს აწერს ლაშქარავას ოჯახის მიერ დამოუკიდებელ ექსპერტად მიწვეული ალექსანდრე გაჯაძე. 

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 11 ივლისს კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში