რა წერია ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში

10 იანვარი 2022, 16:37 1578 ნახვა

კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით რეგულაციების სიმცირით გამოირჩევა. ასევე სარეცეპტო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტულ გარემოს და არ შეესაბამება პაციენტის საუკეთესო ინტერესებს.

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტი საჭიროებს შესაბამის რეგულირებას. 

ანგარიშის თანახმად, მედიკამენტების საცალო ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლარის გაცვლითი კურსია. ეროვნულ ვალუტაში იმპორტირებული მედიკამენტების საერთო ღირებულება 2020 წელს 2016 წელთან შედარებით გაზრდილია 41%-ით, რაც მეტწილად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით - ანალოგიური მაჩვენებული ამერიკულ დოლარში გაიზარდა მხოლოდ 7%- ით.

კონკურენციის სააგენტო პრობლემად ასახელებს ფასწარმოქმნასაც - ზოგიერთი მცირე კომპანია მედიკამენტების რეალიზაციას საბითუმო მიწოდების დონეზე ახორციელებს გაცილებით მაღალი ფასნამატით, რაც რიგ შემთხვევებში 1000%-ს ცდება.

 

''გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით ხორციელდება გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით. კერძოდ, ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე რიგ შემთხვევებში აღწევს 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებშია. სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ბაზარზე მოქმედი მცირე კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილი არიან მხოლოდ ბაზრის იმპორტი/წარმოების და შესაბამისად საბითუმო მიწოდების დონეზე და თვითღირებულებასთან შედარებით, მედიკამენტების რეალიზაციას საბითუმო მიწოდების დონეზე ახორციელებენ გაცილებით მაღალი ფასნამატით, რაც რიგ შემთხვევებში ცდება 1000%-ს.

საერთო ჯამში, მსხვილი კომპანიების საშუალო შეწონილი საერთო ფასნამტი მედიკამენტებზე 18-26%-ის ფარგლებშია;

გენერიკული მედიკამენტები - დარგის საკანონდებლო რეგულირება არ არის მიმართული ბაზარზე გენერიკული მედიკამენტების წილის ზრდაზე, შესაბამისად, გენერიკების ფიზიკური ხელმისაწვდომობა ბაზარზე დაბალია;

მომხმარებლის შესაძლო სარგებელი - შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი ყოველწლიურად იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში დაზოგავს მედიკამენტებზე გასაწევი ხარჯების 25-30%-ს, რაც ბაზრის მოცულობის გათვალისწინებით შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე;

მედიკამენტების ხარისხი - საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია 2 მიმართულება: GMP სტანდარტი და გენერიკული მედიკამენტების ბიოეკვივალენტობა. GMP სტანდარტის ამოქმედება იგეგმებოდა 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, თუმცა კომპანიებს მიეცათ კონკრეტული საშეღავათო პერიოდი 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გენერიკული მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით ხაზგასასმელია ასევე ბიოეკვივალენტობის საკითხი, რაც ასევე უნდა უზრუნველყოს დარგის მარეგულირებელმა. შედეგად, დარგის მარეგულირებელი უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული ყველა მედიკამენტი ხარისხიანი და ბიოეკვივალენტურია;

ჯიბიდან გადახდები და კერძო სადაზღვევო კომპანიების როლი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2018 წელს შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვის მომსახურების საერთო საფასურის 75%-ს შეადგენს ჯიბიდან გადახდები. ჯიბიდან გადახდებში მედიკამენტების წილი შეადგენს 69%-ს, ხოლო სტაციონარული მომსახურების ხარჯი 14%-ს. ქვეყანაში მოქმედებს ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა, რომლის ბენეფიციარსაც წარმოადგენს ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, რომელიც არ სარგებლობს კერძო სადაზღვევო პროგრამებით (გარდა მაღალშემოსავლიანი პირებისა - მოსახლეობის 1%). სააგენტოს მოსაზრებით, აღნიშნული და ის ფაქტი, რომ კერძო სადაზღვევო პაკეტის შეძენის შემთხვევაში პირი ვერ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), წარმოადგენს ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს'' - წერია დოკუმენტში. 

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრისთვის 13 რეკომენდაცია მოამზადა. 

1. მხოლოდ გენერიკული რეცეპტი/დანიშნულება - წარმოადგენს ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის კონკურენციის უზრუნველყოფისა და გენერიკების საბაზრო წილის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საშუალებას. რეცეპტისა და დანიშნულების დონეზე უნდა მიეთითოს მხოლოდ მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (გენერიკი) და უნდა შეიზღუდოს სავაჭრო დასახელების მითითება. სხვადასხვა კვლევებით და არაერთი ქვეყნის გამოცდილებით დადასტურებულია ის ფინანსური სარგებელი, რასაც მომხმარებელი იღებს გენერიკული მედიკამენტების შეძენით, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირებასთან;

2. გენერიკული ჩამანაცვლებლის მითითება - სასურველია რეცეპტის/დანიშნულების დონეზე, ძირითად გენერიკთან ერთად, მიეთითოს სულ მცირე ერთი დამატებითი ჩამანაცვლებელი გენერიკი;

3. ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულებს ერთიანი სისტემის დანერგვა;

4. დარგის მარეგულირებლის მიერ რეცეპტის/დანიშნულების განგრძობადი კონტროლი;

5. მედიკამენტების ხარისხი - სააგენტოს პოზიციით, GMP სტანდარტი აუცილებელია მოქმედებდეს ბაზარზე მედიკამენტების დაშვების ორივე დონეზე - წარმოება და იმპორტი. დარგის მარეგულირებელმა უნდა უზრუნველყოს გენერიკული მედიკამენტების ბიოექვივალენტობის შემოწმება და შედეგად უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ბაზარზე დაშვებული ყველა მედიკამენტი აკმაყოფილებს ხარისხის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს;

6. სამკურნალო გაიდლაინების სრულყოფა;

7. ფარმაცევტის საქმიანობის ეფექტიანი რეგულირება და განგრძობადი მონიტორინგი - მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს ფარმაცევტის მიერ მედიკამენტის საბოლოო მომხმარებლამდე მიტანის ვალდებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი კონკურენტული გარემო. კერძოდ, გენერიკული რეცეპტის/დანიშნულების დანერგვის პარალელურად, აუცილებელია დარეგულირდეს მედიკამენტის შეძენის დროს ფარმაცევტის ვალდებულება - შესთავაზოს მოხმარებელს სულ მცირე 3 ყველაზე დაბალი ფასის მქონე მედიკამენტი. ამასთან ერთად, აუცილებელია დარგის მარეგულირებლის მიერ განხორციელდეს აღნიშნულის განგრძობადი მონიტორინგი, ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების მეშვეობით;

8. სანქცირების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტიანი კონტროლი - მნიშვნელოვანია, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გაწერილ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტებს ჰქონდეს შესაბამისი სანქცირების მექანიზმი, რაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულთან ერთად შესაძლოა იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. რაც შეეხება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს, მიზანშეწონილია ჯარიმის თანხა იყოს ადეკვატური, რათა მას ჰქონდეს საკმარისი შემაკავებელი/პრევენციული ეფექტი;

9. რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა;
10. დარგის მარეგულირებლის მიერ გენერიკულ მედიკამენტებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის წარმოება;

11. საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფა - მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად, სასურველია, მომხმარებელს შეეძლოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემავსებელი კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა - სულ მცირე, მედიკამენტების კომპონენტის ნაწილში;

12. ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა - სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე;

13. „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში