"ომიკრონი" შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა სწრაფი გავრცელება ახასიათებს - თამარ გაბუნია

11 იანვარი 2022, 11:55 3796 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი დღეს მუშაობს 50%-იანი დატვირთვით. მისივე განმარტებით მობილიზებულია 9000-მდე  და დატვირთულია 4431 საწოლი. რეანიმაციაში 281 რჩება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს ძირითადად "დელტა" შტამით გამოწვეული შემთხვევებია.

"ომიკრონის" შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ერთეულ შემთხვევებს, რეანიმაცია არცერთს არ დასჭირვებია და ძალიან მალე მოხდა მათი გამოწერა საავადმყოფოებიდან.

მნიშვნელოვანია ამ პირობებში გაგრძელდეს აქტიურად ვაქცინაციის პროცესი. განსაკუთრებით საყურადღებოა სამედიცინო პერსონალის ბუსტერ დოზებით აცრა და ჩვენ ვმუშაობთ კლინიკებთან იმისთვის, რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდეს, რადგან ბუსტერ დოზა იცავს "ომიკრონის" შტამის გავრცელებისგან"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, "ომიკრონის" ცირკულაცია მზარდია და ეს გარკვეულწილად გამოწვეულია სადღესასწაულო დღეებში მობილობის მომატებით და სწრაფი გავრცელებით.

"ის არის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის, პაციენტების დიდი ნაწილი რჩება ბინაზე და შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობის მარტივად მართვა. გრძელდება ტესტირების პროგრამა და ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია 50 წელს ზემოთ პირების მონაწილეობა.

მთავარი რისკი არის ის, რომ შემთხვევების მატება  შესაძლოა იყოს სწრაფი. გამომდინარე აქედან პრევენციას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. პირბადის გამოყენება იქნება კრიტიკული, იმისათვის, რომ სწრაფად არ მოხდეს შემთხვევების მატება.  როგორც ვიცით ''ომიკრონი'' ძირითადად იქნება შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება.  კვირის განმავლობაში ონლაინკლინიკებს კიდევ 40 დაემატება" - განაცხადა  გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში