ლაშა ხახუტაიშვილი კოლეჯი "ახალი ტალღის" დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

11 იანვარი 2022, 16:47 3787 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით, ლაშა ხახუტაიშვილი კოლეჯ "ახალი ტალღის" დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

განათლების მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების საფუძველი სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 28 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი გახდა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება სწორედ ამ დღით თარიღდება.

ამ ეტაპზე დირექტორის მოვალეობას კახა ბოლქვაძე ასრულებს.

"ბრძანება ბატონი ლაშას გათავისუფლების თაობაზე მივიღეთ, 28 დეკემბერს, აუდიტის დასკვნის საფუძველზე. მას შემდეგ ავტომატურად დირექტორის მოვალეობას ვასრულებ მე. თუ როდის შეირჩევა, ან როგორ ახალი დირექტორი ეს განათლების სამინისტროს კომპეტენციაა. სავარაუდოდ გამოცხადდება კონკურსი და განათლების მინისტრი დანიშნავს ახალ კანდიდატურას.

პირველადი შეფასებით, გათავისუფლების მიზეზი ინსპექციის ჯგუფის მიერ დაფიქსირებული დარღვევები გახდა. ჩვენც ამ დარღვევებს ამ ეტაპზე ვსწავლობთ და გავერკვევით.

ავტორიზირებული ვართ 1800 სტუდენტზე, ამ ეტაპზე გვყავს 1052 სტუდენტი, საშუალოდ დასაქმებულია 164 თანამშრომელი"- აცხადებს კახა ბოლქვაძე.

ლაშა ხახუტაიშვილი ამბობს, რომ სასამართლოში დავას არ აპირებს. მისივე თქმით, საჩივრებს სისტემატური ხასიათი ჰქონდა და 2018 წლიდან მუდმივად იწერებოდა. 

''იწერებოდა საჩივრები, რის საფუძველზეც "ახალ ტალღაში" შემოვიდა შიდა აუდიტის სამსახური. სამწუხაროდ გამათავისუფლეს. არ შემიძლია ვისაუბრო რა დასკვნაა, რატომ გამათავისუფლეს,  ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ფაქტი სახეზეა. არ ვაპირებ გასაჩივრებას, არ ვაპირებ ამაზე საუბარს. იქედან გამომდინარე რომ ეს საჩივრები გრძელდებოდა 2018 წლიდან, შევეგუე, რომ ეს უნდა მომხდარიყო. ეს არ იყო ერთჯერადი და ჰქონდა სისტემატური სახე, არ ვიცი როდის რა გაირკვევა, მაგრამ ყველაფერს დრო აჩვენებს'' - ამბობს ლაშა ხახუტაიშვილი. 

ლაშა ხახუტაიშვილი 2018 წლიდან ახალ ტალღაში დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში