ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დასრულდა

12 იანვარი 2022, 17:19 898 ნახვა

ბრიუსელში ნატო-რუსეთის  საბჭოს სხდომა დასრულდა. მოლაპარაკებები დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა.  ნატოში შეხვედრისთვის გაცილებით ნაკლები დრო იყო გათვალისწინებული, რადგან თავდაპირველად გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბრიფინგი ადგილობრივი დროით 13 საათსა და 30 წუთზე იყო ჩანიშნული. 

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ევროპული უსაფრთხოების შესახებ რუსეთის ინიციატივებთან დაკავშირებით რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების  კონსულტაციების მეორე ეტაპი იყო.

პირველი ეტაპი 10 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები იყო, მესამე ეტაპი ხვალ  ვენაში ეუთოს ფარგლებში გაიმართება.  ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, ჯერჯერობით მხარეები მხოლოდ შემდგომი დიალოგისთვის მზაობას აცხადებენ.

ნატოში აშშ-ის მისიამ რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსი ღიაა დიალოგისა და დიპლომატიისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში