ვეტო მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, გაუქმებასთან დაკავშირებით ევროსასამართლოში ვიბრძოლებთ - ლონდა თოლორაია

13 იანვარი 2022, 19:45 1001 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.

მისივე განცხადებით, მას ვეტოს მოლოდინი ჰქონდა, რასაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აჩენდა. ასევე განმარტა, რომ სამსახურის გაუქმების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღეში მიმართავს, მოგვიანებით კი, ევროსასამართლოსაც.

"ვეტოს მოლოდინი ნამდვილად არსებობდა იმ განცხადების ფონზე, რაც პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. დღევანდელ განცხადებასაც თუ დააკვირდებით, ის საკმაოდ საინტერესოა, რადგან ერთის მხრივ, იგი ამბობს ვეტო არ დაადო კანონს, თუმცა, თავადვე ხედავს არაერთ სამართლებრივ პრობლემას ამ საკითხში. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა იმანაც იქონია, რომ პარლამენტის მხრიდან ძალიან ცხადად და ნათლად იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ ვეტოს დაძლევდნენ და ამას არანაირი აზრი არ ექნებოდა. ფაქტია, რომ მეც და პრეზიდენტიც ამ პროცესში ძალიან ბევრ სამართლებრივ პრობლემას ვხედავთ. იმ ფონზე, როდესაც კანონი დაჩქარებული წესით არის მიღებული, იმ ფონზე, როცა პროცესები ფაქტობრივად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა კონსპირაციულად, ყველანაირი სპეციალისტის და თავად სამსახურის ჩართულობის გარეშე, იმ ფონზე, როცა არჩევითი თანამდებობა გაუქმდა, რომლის პრეცედენტებიც გვახსოვს საქართველოში და საკონსტიტუციო სასამართლომაც არაკონსტიტუციურად სცნო ეს რამდენჯერმე, რა თქმა უნდა, ვეტოს სამართლებრივი მოლოდინი არსებობდა.

"ჩვენ და პირადად მეც სარჩელს შევიტან. ასევე გაუქმებულია არჩევითი თანამდებობა, რომლის პრეცედენტებიც არსებობს, თუმცა, ევროსასამართლომ არაერთხელ დაადგინა ასეთ პრეცედენტებზე დარღვევა. ამიტომ შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, ხოლო გარე მექანიზმი - ევროსასამართლოში ბრძოლა, სადაც რამდენიმე მუხლით ვიდავებთ. საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღეში მივმართავთ“,- აცხადებს ლონდა თოლორაია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში