2012 წლის ოქტომბრამდე, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

13 იანვარი 2022, 22:50 1093 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2010 და 2012 წლებში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2010 და 2012 წლებში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. დამნაშავედ ცნო.

გამოძიების შედეგად მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ. უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე პატიმრების მიმართ ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ბრალდებულის ქმედებების შედეგად, პატიმრებს უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული გასეირნების, ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო, სატელეფონო საუბრების უფლება. ასევე, არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომლის მხრიდან პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანა და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსება ხდებოდა, სადაც ჯგუფურად, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება ხდებოდა.

ასევე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მუშაობისას ბრალდებული სხვა თანამშრომლებთან ერთად, პატიმრებს ჯგუფურად, ფიზიკურად უსწორდებოდა და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში აყენებდა. გამორჩეულად სასტიკად ექცეოდნენ იმ პატიმრებს, რომელთაც საჩივრები ჰქონდათ შეტანილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ).

სასამართლომ გ.ა.-ს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

აღნიშნული განაჩენით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პატიმრების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა N8 დაწესებულებაში დანერგილი პრაქტიკა იყო, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა და გამიზნული იყო პატიმართა დამცირების, დაშინებისა და უსიტყვო მორჩილებისკენ. პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, პასუხისგებაში პენიტენციური სისტემის 80-მდე თანამშრომელია მიცემული",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში