UN Georgia: შეშფოთებული ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებით

14 იანვარი 2022, 15:34 1247 ნახვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელი გზავნილია ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტების მიმართ.

''გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების ჯგუფი საქართველოში სინანულს გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. 2022 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი ცალკეული ინსტიტუტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტის, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა, მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე.

შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულების სიის არსებითი გაფართოება იწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების - დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან. ვიხსენებთ, საქართველოში მისიის დროს (2015), გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ გაცემულ რეკომენდაციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რომ არსებობს რისკი, რომ ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შესაძლოა [სახელმწიფო ინსპექტორის] ამოცანა მეტისმეტად გაართულოს [თუკი] ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც არ შედიან წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის ძირითად ჯგუფში... [მისი მანდატის ფარგლებში შევა]“.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ'' - წერია განცახდებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში