რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე უზენაესმა სასამართლომ გაამართლა - ადვოკატი

14 იანვარი 2022, 17:50 9573 ნახვა

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე, რომლებიც სამართალდამცველებმა ე.წ. სპორტსმენების საქმეზე, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, უზენაესმა სასამართლომ გაამართლა. საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტს. 

"საბოლოო გამარჯვება მოვიპოვეთ უზენაეს სასამართლოში, სადაც კონფლიქტის მხარეები იყვნენ რეზო წულუკიძე, ელდარ ანთაძე, მოწინააღმდეგე მხარე კი "ქართული ოცნება". აღნიშნული პირები გამართლებული იქნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაშიც და დადგენილი იქნა, რომ პოლიცია თავად დაესხა თავს ბიჭებს, როცა პროტესტს გამოხატავდნენ'' - განაცხადა აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ადვოკატმა. 

ბრალდებულის ოჯახის წევრი ფირუზ წულკიძე მაშინ ამბობდა, რომ დაკავების დღეს, 27 აპრილს, ძმასთან მაღალჩინოსნები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ კი საკითხის მოგვარებას ჰპირდებოდნენ. 

რეზო წულიკიძემ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე კი თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი მე-7 განყოფილებაში მივიდნენ და მათთან დაპირისპირებულ მხარესთან, ჯინჭარაძეებთან შერიგების მცდელობა ჰქონდათ. 

მოგვიანებით ბრალდებულები, რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

ძმები წულუკიძეები, რამდენიმე თვის წინ,  „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაპირისპირებისას ისევ დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანში მომხდარი დაპირისპირების გამო, შვიდ პირს 4 და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს 5-5 წლით, ხოლო ერთი ოჯახის 4 წევრს ჭელიძეებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ახლა ჩაერთო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. 

''რაც შეეხება  "ნამახვანჰესის" საქმეს, მინდა გითხრათ, რომ გაოგნებული დავრჩი, როცა ამ საქმის მასალებს გავეცანი. ახლა ჩავერთე საქმეში და ვასაჩივრებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას... ამ საქმეში ბრალდების დადგენილების ფაბულა წინააღმდეგობაში მოდის წარდგენილ მძიმე ბრალდებასთან.

ბრალდების დადგენილებაში აღწერილია ცემა, ჯგუფური ცემა და წარდგენილია ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, მონაწილეობით, რბევით, პოლიციელზე თავდასხმით, იარაღის გამოყენებით, რის შესახებ არც ბრალდების მხარის მტკიცებულებებში და არც ბრალდების შესახებ დადგენილებაში საერთოდ არ არის მოხსენიებული. გაოგნებული ვარ დადგენილებით, რადგან  სხვა რამ აქვს აღწერილი დადგენილებაში და სხვა მუხლი აქვს მიყენებული.

ვერც ერთი პარტია ვერ ჩაერევა ჩემს საქმეში, მე დავუმტკიცებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, თუ საჭირო იქნება ზემდგომ ინსტანციასაც, რომ ამ ბიჭებს არ ჩაუდენიათ არანაირი ჯგუფური ძალადობა, რბევა, ნივთების დაზიანება და ა.შ... ეს იყო ორ მხარეს შორის წარმოშობილი ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც წამოიწყო ახვლედიანმა,"- განაცხადა დავით ჯაფარიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში