"ნაციონალური მოძრაობა" დევნილთა დასახლებაში მომხდარის გამო, ზურაბ აზარაშვილისა და დავით ფაცაციას გადადგომას ითხოვს

17 იანვარი 2022, 21:08 770 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები პირის გარდაცვალებას ეხმაურება და ითხოვს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ დავით ფაცაციას.

მათივე განცხადებით, მათ თანამდებობები უნდა დატოვონ.

"გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას. საქართველოში, იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. ვუსამძირებთ ოჯახს და მთელს საქართველოს. იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოიარეს უამრავი გაჭირვება, ომი, შიმშილი, მათ დაკარგეს სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, საკუთარი კუთხე, მაგრამ არ დაუკარგავთ ღირსება და არ დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული. ამ ადამიანებს უყვარდათ და უყვართ საკუთარი სამშობლო, ამ დროს კი მათივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მათ შეულახეს ღირსება და არ მისცეს ცხოვრების გაგრძელების საშუალება საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილშიც კი.

დღეს, ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დასცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავალტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს. დღეს, ამ აქტით, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით - ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ქართული სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია გამოააშკარაოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დონის თანამდებობის პირი, ვინც ამ ბარბაროსობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ვისაც ევალებოდა ამ უბედურების აღკვეთა და ეს არ გააკეთა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვითხოვთ ამ საქმის მაქსიმალურ ღიაობას. აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები. დაეკისროს პასუხისმგებლობა დავით ფაცაციას და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში