სააკაშვილის მკურნალობის მიდგომები არსებითად არ იცვლება, კვლავ არ სრულდება გაცემული რეკომენდაციები - სახალხო დამცველი 

19 იანვარი 2022, 12:31 1085 ნახვა

სამი ვიზიტის შემდეგ გამოჩნდა, რომ მკურნალობის მიდგომებისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ არის - ამის შესახებ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმთა კონსილიუმის მომზადებული დასკვნით წარდგენისას ისაუბრა. 

ნინო ლომჯარიას განმარტებით, რეკომენდაციები არ სრულდება. 

''პირველი ვიზიტი განხორციელდა 23 ნოემბერს, შემდგომ 12 დეკემბერს და ბოლო 11 იანვარს, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ 3 ვიზიტის განმავლობაში, არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს. ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო დახმარებისა და სერვისის მიწოდება არ ხორციელდება.

ამიტომ თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან უკვე სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ კიდევ ერთხელ განვმარტავ, მკურნალობის მიდგომებისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ არის. ამიტომ შეგიძლია, ჩათვალოთ, რომ ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი შეფასებები - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ნევროლოგ, თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. 

მისივე თქმით,  კვლავ რჩება ნერვიული სიმპტომატიკა, იგი არ გაუმჯობესებულა. ექიმის განმარტებით,  სააკაშვილის მდგომარეობა 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დგას.

„მიხეილ სააკაშვილთან რჩება პოსტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია. გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, ვფიქრობ, საჭიროა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. მიგვაჩნია, რომ ეს საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება თავად ამ ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ ენცეპალოფატიის ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მის ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც.  დამატებითი კვლევის თვალსაზრისით ჩატარებული უნდა იყოს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფა, რომელიც იგეგმება, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ნევროლოგიური თვალსაზრისით საჭიროა ნევრილოგის მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება შესაბამისი კვლევების ჩატარება სიმპტომატიკის მიხედვით“, – განაცხადა ნევროლოგმა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში