ქობულეთის 25 საბავშვო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი არ შედგა

20 იანვარი 2022, 15:58 2799 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

დილიდან ქობულეთის სოფლებში არსებულ 20 ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ შედგა. სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვები არ გამოცხადნენ.

სააღმზრდელო პროცესი არ შედგა არც ქალაქის N4 და N5 საბავშო ბაღში, ასევე დაბა ჩაქვში მდებარე 3  სააღმზრდელო დაწესებულებაში.

როგორც ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ია ხალვაში ამბობს, მუნიციპალიტეტში არსებული 29 საბავშვო ბაღი დილიდან გაიხსნა, თუმცა ბავშვები უხვი ნალექის გამო მშობლებმა არ მიიყვანეს.

"უამინდობის გამო, სააღმზრდელო პროცესი შედგა მხოლოდ ქალაქის 4 საბავშვო ბაღში. თანამშრომლები იყო, ჩვენ მზადყოფნაში ვიყავით, თუმცა ბავშვები არ გამოცხადდა უამინდობის გამო. თუ უამინდობა გაგრძელდება ვფიქრობ საკვების მიწოდების პრობლემაც შეიქმნება. დღეს მერთან გავიარეთ კონსულტაციები და შევჯერდებით იმ კვირაში გავარგძელებთ თუ შევწყვეტთ სააღმზრდელო პროცესს. გადაწყვეტილებას მივიღებთ კონსულტაციებისა და ამინდიდან გამომდინარე.

 

ქობულეთის სოფლებში სულ 20 საბავშო ბაღია და სააღმზრდელო პროცესი დღეს არცერთში არ შედგა"-განაცხადა ია ხალვაშმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში, სულ 2400 აღსაზრდელია რეგისტრირებული. დღეს, ქალაქის 4 ბაღში მხოლოდ 46 ბავშვი გამოცხადდა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა, თუმცა სოფლებში არსებულ სკოლებამდე, სასკოლო ავტობუსებმა დიდთოვლობის გამო გადაადგილება ვერ შეძლეს.

ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორი მადონა გოგიტიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში შედგა სასწავლო პროცესი, თუმცა უხვი ნალექის გამო დაბალი იყო მოსწავლეების გამოცხადება. მოსწავლეებმა სკოლებში გამოცხადება 10 საათიდან დაიწყეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში