ალიანსის წევრები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს გზავნიან - ნატო

24 იანვარი 2022, 15:36 990 ნახვა

ნატო-ს მოკავშირეებს შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავთ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებს, ასევე გამანადგურებლებს გზავნიან შეკავების, თავდაცვის გასაძლიერებლად, როცა უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ხორციელდება, - ამის შესახებ ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ალიანსის განცხადების მიხედვით, დანია ფრეგატს გზავნის ბალტიის ზღვაში და ოთხ „F-16“ტიპის გამანადგურებელს ლიეტუვაში, ესპანეთი ნატო-ს საზღვაო ძალებისთვის გემის გადაცემას გეგმავს და ბულგარეთში გამანადგურებლების გაგზავნას განიხილავს.

"საფრანგეთმა რუმინეთში შეიარაღებული ძალების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვა, ნიდერლანდები აპრილის თვეში ორ „F-35“ ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის ბულგარეთში, ამასთან, მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს სამხედრო გემები და შეიარაღებული ძალები. შეერთებული შტატებიც ალიანსის აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ყოფნის გაფართოებას განიხილავს"- ნათქვამია განცხადებაში.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის მიესალმება მოკავშირეების მხრიდან დამატებითი ძალების გაგზავნას.

"ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით,“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში