ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის მანდატს ტოვებს

24 იანვარი 2022, 22:45 3507 ნახვა

ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს წევრი პარტია "გახარია საქართველოსთვის" ნინო ბაციაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს - ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე განმარტებით, საჭადრაკო კარიერის გაგრძელებას და სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

"ვიცი ბევრისთვის მოულოდნელობა იყო ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა, და ასევე მოულოდნელი იქნება ის გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მოგახსენებთ. თუმცა, ჩემი, როგორც მოქმედი მოჭადრაკის სვლები განპირობებულია პოზიციური გარემოებებით და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით.

ჩემი მიზანი იყო და რჩება, ჩემი წვლილი შევიტანო დღეს საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შესაცვლელად, საზოგადოების ერთიანობის და მოქალაქეების ერთმანეთთან დაახლოებისათვის. ქალაქის კეთილდღეობისთვის ჩემი წვლილის შეტანის, მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, სიღარიბის აღმოფრხვის, ეკოლოგიის გადასარჩენად - ვიყარე კენჭი პარტია საქართველოსთან ერთად გასული წლის არჩევნებზე და მოვხვდი ბათუმის საკრებულოში. სწორედ, პარტია "საქართველოსთვის" მესახება იმ ძალად, რომელიც დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ როლს შეასრულებს ქვეყანაში პოლარიზების შემცირებაში, და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენც გვეღირსება ევროპული ტიპის დემოკრატიული, კოალიციური მმართველობა.

ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა, ბატონ გიორგი გახარიასთან და მის გუნდთან ერთად მუშაობა და ასევე ძალიან დიდი სიამოვნება არის იმის ხილვა, თუ როგორ უანგაროდ შეუძლიათ ადამიანებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა. მე, რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყო, გავაგრძელებ ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. გამარჯვებით - რომლის მიზანიც მხოლოდ ძლიერი ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეებია.

ასევე, ჩემი საჭადრაკო კარიერა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას მთელს მსოფლიოში, ხშირად მოითხოვს - სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მიზნით დავტოვო ქვეყანა. მე ზუსტად ვაცნობიერებ, რომ ორივე საქმე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომაც არ მსურს, რომელიმე დავაზიანო.

სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ბათუმის საკრებულო, რადგან:

1. ბათუმი და ბათუმელები იმსახურებენ საკრებულოს თითოეული წევრისგან მაქსიმალურ ჩართულობას და თითოეული პრობლემის გულთან მიტანას. იმედია, ეს ჩემი გადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთხელ დააფიქრებს ქართულ ოცნებას და ნაც. მოძრაობას, რომ ამოსავალი უნდა იყოს ჩვენი თანაქალაქელები და ქალაქის ბედი არ უნდა გადავაყოლოთ პოლიტიკურ ქიშპობას, ან პირად სურვილებს!

2. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პარტია ,, საქართველოსთვის“ წევრებზე მიმდინარეობს ენით აღუწერელი ზეწოლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესების დაცვა ბათუმის საკრებულოში ხდებოდეს აქტიურად და ყველას ძალიან კარგად ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, პირიქით - ჩვენი პარტია ყოველთვის იდგება ხალხის სამსახურში და ამას ვერაფერი/ვერავინ შეცვლის!

3. საკრებულოში ჩემს ნაცვლად შევა ჩვენი პარტიის ღირსეული წევრი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თავის მაქსიმუმს გააკეთებს ქალაქისთვის. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია რომ საკრებულოში მე, ასევე ქალი პოლიტიკოსი შემცვლის.

4. ხოლო იქ, სადაც ჩემი ჩანაცვლება ცოტა რთულია, გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა ყველა საერთაშორისო ტურნირზე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო ქართული სპორტის ისტორიაში.

მე ვრჩები პარტიის წევრად და მწამს, რომ ჩემი და ჩემი თანაპარტიელების, თანამოქალაქეების ცდა, აუცილებლად გამოიღებს შედეგს, უკეთესი საქართველოსთვის", - წერს ნინო ბაციაშვილი.

 

ნინო ბაციაშვილს ბათუმის საკრებულოში სავარაუდოდ თამილა ფაღავა ჩაანაცვლებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში