სკოლები მუშაობას შერეული ფორმით გააგრძელებენ - თამარ გაბუნია

25 იანვარი 2022, 12:18 1134 ნახვა

სკოლები გააგრძელებენ მუშაობას ჰიბრიდული ფორმით-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება.

„რაც შეეხება სკოლების მუშაობას, სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო კვლავაც გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას და ჩვენც ამ მზაობას ბუნებრივია ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები, როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე, ადგილზე, სწავლის გაგრძელების.

გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება. რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად ონლაინ რეჟიმზე, ნაწილი რჩება ჰიბრიდულ მოდელზე, ამდენად, სკოლები გააგრძელებენ მუშაობას შერეული ფორმით“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება. იგივე სიტუაციაა ბავშვების საწოლფონდზე, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო შემთხვევების მატება ფიქსირდება. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვები ყველაზე ბოლოს სკოლებს უნდა შეეხოს. ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ.

"საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო სერიოზული ანალიზი გაკეთებული სკოლებთან მიმართებაში. განათლების სამინისტროს მხრიდან მოყვანილი იქნება პროცენტი, რამდენია დღეს ონლაინრეჟიმზე, ძალიან პატარაა ეს პროცენტი. აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ჯერ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. ზოგადად, მთავარი სლოგანი სხვა სფეროებთან შედარებით სკოლებზე გადაწყვეტილება უნდა იქნას ყველაზე ბოლოს მიღებული და ყველაზე ადრე უნდა გავხსნათ სკოლები. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტი გახლავთ ავტონომიური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თავად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში