ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

25 იანვარი 2022, 14:46 1317 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას.

"ამასთან, მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას).

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს სამი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელთა განხორციელებისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამსახურის დამოუკიდებლობა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. უწყების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი მისი ხელმძღვანელის არჩევითი ბუნება და უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში კანონით მისთვის დაწესებული ხელშეუხებლობის გარანტიებია. სწორედ საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მისი შინაარსითა და დანიშნულებით, განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს.

 

ის ფაქტი, რომ პარლამენტი თვითნებურად, საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გარე კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, ზიანს აყენებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, არამედ ახლადშექმნილი ორგანოების დამოუკიდებლობასაც. კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევის ამგვარი პრეცედენტი იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მომავალ უფროსებზეც, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, ისევე როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარე კონტროლზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე.

რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ თანამდებობის პირის დამოუკიდებლობისა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის ინტერესი, მით უფრო მეტი დასაბუთებაა საჭირო ამგვარი პირის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად.

კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს ის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი, რომელიც უფლების შეზღუდვის აუცილებლობას განაპირობებს.

იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება ორი იდენტური ფუნქციის მქონე სამსახურები და არ ხდება მათი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე მეტად გაძლიერება; იმ პირობებში, როცა არ მომხდარა სამსახურის ხელმძღვანელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილება; იმ პირობებში, როცა სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნად საქართველოს პარლამენტმა დაასახელა ფუნქციათა შორის ინტერესთა კონფლიქტი ისე, რომ ვერ წარმოადგინა ამ ფუნქციათა კონფლიქტის კონკრეტული მაგალითები (უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 2021 წელს წარდგენილი სამსახურის საქმიანობის ანგარიში, პარლამენტმა არც კი განიხილა); იმ პირობებში, როცა რეფორმის მიზეზად დასახელდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაცია, რომელიც მაგიდაზე ედო საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს და დღეს აღარ არის რელევანტური - სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის მომეტებულ საჯარო ინტერესზე საუბარი ზედმეტია. ასეთი ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მიცემოდა არჩევანის შესაძლებლობა - დარჩენილ ვადაში მუშაობა გაეგრძელებინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის თავის სათქმელს დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ყველა არჩევითი თანამდებობის სტაბილურობის, უსაფუძვლოდ მათი თანამდებობიდან გათავისუფლებისგან დაცვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად"- წერია ლონდა თოლორაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში