ლავროვს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოუსმინეს

26 იანვარი 2022, 18:24 699 ნახვა

მოსკოვი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წერილობით პასუხებს მიმდინარე კვირას ელოდება-აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სახელმწიფო სათათბიროში სამთავრობო საათის ფარგლებში გამოსვლისას ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ  ამჯერად დასავლეთი სიტყვას შეასრულებს.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ  მიღებული დოკუმენტი  უნდა გასაჯაროვდეს, თუმცა ამერიკული მხარე ამის წინააღმდეგია. აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო კონტინგენტის შესაძლო გაზრდის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადების კომენტირებისას ლავროვმა აღნიშნა, რომ  ნატოს გენერალურმა მდივანმა დაკარგა რეალობასთან კავშირი და რთულია მისი განცხადებების სერიოზულად აღქმა.  მოსკოვი მოვლენების განვითარების ნებისმიერი ვარიანტისთვის მზად არის-ამბობს ლავროვი. შესაძლო ახალ სანქციებზე მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. მან  მხოლოდ მიანიშნა, რომ  დასავლეთელმა პარტნიორებმა აღარ იციან  როგორ დააღწიონ თავი ჩიხს, რომელშიც საკუთარი ნებით აღმოჩნდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში