ბათუმის მერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

31 იანვარი 2022, 10:23 1157 ნახვა

ბათუმის მერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის შემოწმება ეხებოდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საქმიანობას 2019-2020 წლებში.  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

" აუდიტის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით განმარტავს, რომ: სახელმწიფო აუდიტის შემოწმება ეხებოდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საქმიანობას 2019-2020 წლებში.

ქ. ბათუმის მერია აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ასევე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კუთხით გასატარებელ ღონის-ძიებებთან დაკავშირებით.

შესაბამისად, დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია 2021 წლისათვის, ხოლო რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს დღეისთვისაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები განისაზღვრება 25 ძირითად მიმართულებად და ასევე ამ ძირითადი მიმართულებიდან გამომდინარე, ასეულობით ქვემიმართულებად, რაც გამოიხატება მუნიციპალიტეტის მიერ მრავალრიცხოვანი კონკრეტული ფუნქციის განხორციელებით.

მუნიციპალიტეტის საქმიანობის მიმართულებები ასევე გამოხატულია არაერთი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაში. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოიცავდა ასეულობით კონკრეტული ფუნქციის განხორციელებას 2019-2020 წლებში, რომელიც იყო სახელმწიფო აუდიტის შემოწმებას დაქვემდებარებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად, მერიასთან აქტიური თანამშრომლობით გამოვლინდა მხოლოდ 9 მიმართულების ცალკეულ ქეისებთან დაკავშირებით არსებული ნაკლოვანებები და ხარვეზები, რომელთა უმრავლესობა გამოწვეული იყო პანდემიიდან გამომდინარე არსებული სიტუაციით, ნაწილი მათგანი კი, სხვადასხვა ობიექტური გარემოებით.

ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაცემული 9 რეკომენდაციიდან უმეტესობა შესრულებულია და გამოსწორებულია, ხოლო ნაწილი მათგანის შესრულება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული გარემოებების უფრო დეტალური განმარტებისათვის აღვნიშნავთ: თანამდებობრივი სარგოს და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კონტროლის მექანიზმების, ე.წ. ტურნიკეტების სისტემების, ბათუმში მოწყობილი საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო შესყიდვის, სასესხო ვალდებულებების მომსახურების კუთხით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების მთლიანად ვერ ათვისების კონკრეტული ნაკლოვანებები გამოწვეული იყო ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო წარმოშობილი გარემოებებიდან გამომდინარე და მისი თანმხლები შედეგებით. მაგ. თანამშრომელთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის არარსებობა ტურნიკეტების გამოყენებით გამოწვეული იყო თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლით (გამოიყენებოდა კანონით დასაშვები ალტერნატიული მეთოდი), ინფრასტრუქტურული სამუშაოების სასესხო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხების ბოლომდე ვერ ათვისება - პანდემიიდან გამომდინარე არსებული გარემოებებით, მიმწოდებელი კომპანიების მიერ სამუშაოების ბოლომდე ვერშესრულებით.

გაცემული რეკომენდაციების ნაწილი უკვე შესრულებულია კონკრეტული გადაწყვეტილებებით.

წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის კონკრეტული პროცედურები განისაზღვრა მერის ბრძანებით, სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობის დასაბუთება და საჭიროება განისაზღვრა კონკრეტული საჭიროების მიხედვით, მერიის სისტემაში 9 სამსახურის და არაერთი მუდმივმოქმედი კომისიის არსებობიდან გამომდინარე, მათი ფუნქციების სრულყოფილი განხორციელებისათვის, თანაც, იმ პირობებში, როცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ფაქტობრივად, 2008 წლის შემდგომ არ მოუხდენია ავტოპარკის განახლება და არ შეუძენია არც ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება. არსებული სამორიგეო ავტომანქანები კი, მათი ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო, ძირითადად გამოსულია მწყობრიდან და ვერ ხდება მათი სრულყოფილი ექსპლუატაცია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების და საწვავის ხარჯვის კონტროლის მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელდა ჯიპიარეს სისტემის დამონტაჟება. შესაბამისად, სრულყოფილად ხდება როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების, ისე საწვავის ხარჯვის კონტროლი. გატარებული ღონისძიების შედეგად, ბოლო წლებში საწვავის ხარჯები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მაგალითად, 2021 წლის საწვავის ხარჯი 2015 წელთან შედარებით შემცირებულია მნიშვნელოვნად, 60 % -ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით საწვავის ხარჯი შემცირებულია 75 % - ით. ტურნიკეტების სისტემის დანერგვისათვის შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებულია ბიუჯეტში და სისტემა ამოქმედდება დისტანციური რეჟიმის დასრულებისთანავე.

ასევე სარეზერვო ფონდიდან ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მკურნალობის მიზნით გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომის პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის განსაზღვრულია სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის წესი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ყველა საჭირო პროცედურა. კომისიაზე საკითხის განხილვების დროს უფრო დეტალურად მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების წერილობითი დასაბუთება.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული დანიშნულების ქონებების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ცალკეული საშუალების დანაკლისს და ზედმეტობებს, აღნიშნული წარმოადგენს ჩვეულებრივ სამუშაო პროცესში მუნიციპალიტეტის მერის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოვლენილ გარემოებას. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ყოველწლიურად ხორციელდება ინვენტარიზაცია.

შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, ყოველწლიურად ხდება როგორც დანაკლისის, ასევე ზედმეტობების გამოვლენა-გასწორება და ბალანსის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციული დანიშნულების ქონების გარდა, ზოგადად ქალაქის საკუთრებაში არსებული ყველა ქონების (გზა, ტროტუარი, ხე, ფილა, სკამი, ბოძი, განათება, ნაპირდაცვითი ნაგებობა და ა.შ.) სრულად აღრიცხვისათვის, სამუშაოების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, იგეგმება მსგავსი ინვენტარიზაციის ჩატარება სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით.

რაც შეეხება სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად შექმნილ ქონებას, ქ. ბათუმის მერიასა და აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის არსებობს შესაბამისი თანამშრომლობა და ამ ქონებების ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გადმოცემის შემთხვევაში განხორციელდება სათანადო პროცედურები მათი მოვლა-ექსპლუატაციის მიზნით.

რაც შეეხება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით იჯარის ფარგლებში სარგებლობის ფაქტით გამოვლენილ ნაკლოვანებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული მოიჯარეები მერიის წინაშე არ ასრულებენ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს თანხის გადახდასთან დაკავშირებით და განაგრძობენ ქონებით სარგებლობას, აღნიშნული ნაკლოვანება გამოწვეული საკანონმდებლო რეგულაციებით, სამოქალაქო კოდექსით განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოხდა პოლიციის მეშვეობით საკუთრებიდან იძულებით გამოსახლების აკრძალვა, კონკრეტულ შემთხვევაშიც მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს საშუალება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოახდინოს მერიის ქონებიდან ყოფილი მეიჯარეების იძულებით გამოსახლება.

ყველა ასეთ ქეისთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განხორციელებული აქვს ყველა შესაძლო სამართლებრივი ღონისძიება: შეწყვეტილია ხელშეკრულებები, წარდგენილია სასამართლოში სარჩელები იჯარის დავალიანების, პირგასამტეხლოების კონკრეტულ ქონების მოსარგებლეებზე დაკისრების შესახებ, ასევე ქონების თვითნებურად სარგებლობისათვის ყოველდღიური თანხის (კანონით განსაზღვრული ოდენობის- ქონების მერიისადმი ჩაბარებამდე) დაკისრების შესახებ, ასევე წარდგენილია სარჩელები, ამ პირების მუნიციპალიტეტის საკუთრებებიდან გამოსახლების შესახებ.

შესაბამისად, მიმდინარეობს სასამართლო დავები და სასამართლოს დასრულებისთანავე მოხდება მათი როგორც გამოსახლება, ასევე მათთვის დაკისრებული თანხების ამოღება.

რაც შეხება უნებართვო მშენებლობების კუთხით ცალკეულ ქეისებთან დაკავშირებით გამოვლენილ ნაკლოვანებებს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გატარებულია და მიმდინარე ეტაპზეც ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაჯარიმების შესახებ დადგენილებების გამოტანის, შენობა-ნაგებობების მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების შესახებ. ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილია სააღსრულებო ფურცლები და გაგზავნილია აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში. მაგ: გოგოლის ქუჩაზე მეტრო ტერმინალის მიერ განხორციელებულ უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით, როგორც მშენებლობის დაწყების მომენტში, ასევე, მშენებლობის მიმდინარეობისას მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოტანილია არაერთი დადგენილება. აუდიტის პერიოდში ჯარიმის ოდენობა იყო 180 000 ლარი, ხოლო დღეისათვის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სულ გამოტანილია 49 დადგენილება მეტრო ტერმინალის მიმართ დაჯარიმების (ჯამში 246 000 ლარი), უნებართვო მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების თაობაზე.

ასევე მუნიციპალური ინსპექციის მიერ შესაბამისი მოთხოვნა კომპანიის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ასევე განმარტავს, რომ აუდიტის 9 რეკომენდაციიდან, რეკომენდაციების ნაწილი ეხება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რის ირგვლივაც ქ. ბათუმის მერია ვერ გააკეთებს განმარტებას. შესაბამისად, ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს საკრებულომ.

ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც აუდიტის მიმდინარეობისას, ასევე დღესაც აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ასევე სხვა ორგანოებთან შესაბამისი მიმართულებებით არსებული გამოწვევების გადაწყვეტისა და გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით წარმართვის მიზნით"- აცხადებენ ბათუმის მერიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში