დადებითი შემთხვევების 90-95 პროცენტში „ომიკრონი“ ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე

01 თებერვალი 2022, 14:45 1049 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი აქტიურად ცირკულირებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ,,ომიკრონის'' 1754 ფაქტი, საიდანაც 1184 შემთხვევა შეისწავლეს.

მისივე განმარტებით, 1184 პაციენტიდან 3 გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 38 პაციენტს.

„ყველა დადებითი შემთხვევის 90-95%-ში უკვე „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებულია 1754 „ომიკრონის“ შემთხვევა. აქედან შესწავლილია დეტალურად 1184 შემთხვევა. 1184 შემთხვევიდან 50% იყო ორჯერ ვაქცინირებული და 14%-ში გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი, ვისაც მანამდე ჰქონდა „დელტა“, დაემართა „ომიკრონი“. ამ 1184-დან 38-ის შემთხვევაში გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო.

1184-დან 3 შემთხვევაში გვქონდა გარდაცვალება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იანვრის განმავლობაში ან დეკემბრის მეორე ნახევარში „ომიკრონისგან“ გარდაიცვალა მხოლოდ 3 ადამიანი, იმიტომ რომ ეს გახლავთ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს იმუნური ფენა.

„ბოლო წერტილამდე არ მივსულვართ, მაგრამ დაახლოებითი მოდელირება, რაც გვაქვს, დღეს ეს 80%-ზე უფრო მაღალია, მაგრამ ბოლო ციფრი არ მინდა, შემეშალოს. ამიტომ, ვერ გეტყვით ჯერ, რადგან ეს არ არის ბოლო ჩვენი შიდა კონსენსუსი. გიდასტურებთ, რომ იმუნური ფენა 80%-ზე მაღალია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში