"ნუ გვაქცევთ ემიგრანტებად" - ოპოზიცია ქობულეთში ფასების მატებას აპროტესტებს

02 თებერვალი 2022, 13:35 1101 ნახვა

"ნუ გვაქცევთ ემიგრანტებად", "ადამიანები სიღარიბეშია", "ბავშვები შიმშილობენ" - ამ სლოგანებით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ქობულეთის მერიის წინ ბანერები გამოიტანეს და ქვეყანაში სურსათსა და  პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა გააპროტესტეს.

მათივე განმარტებით, გაზრდილია კომუნალური ტარიფებიც.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე ამბობს, რომ  ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია.

"ფასები ყველაფერზე მომატებულია. მოქალაქეების უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში მიდის და საზღვარგარეთ ცდილობენ დასაქმებას. 2012 წლიდან დღემდე, ქობულეთში არა არის განხორციელებული არც ერთი მსხვილი ინვესტიცია, სადაც ადგილობრივები შეძლებდნენ დასაქმებას. 2012 წლის ფასებთან შედარებით, 2022 წელს საგრძნობლად გაიზარდა ტარიფები. ამ ყველაფრის ფონზე, ქობულეთის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს მოემატათ ხელფასები. საინტერესოა რამ განიპირობა ამის აუცილებლობა?!"- განაცხადა ბონდო თედორაძემ.

კითხვაზე რამდენად არის თვითმმართველი ორგანოს კომპეტენცია ფასების რეგულირება ქვეყანაში, ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ  ადგილობრივ თვითმმართველობა მოსახლეობას უნდა ემსახურებოდეს და არა ხელფასების ზრდით იყოს დაკავებული.

"ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო ყველა განვითარებულ ქვეყანაში ინსტიტუციურად არის ყველაზე განვითარებული. მათგან იწყება ყველაფერი. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი ბიუჯეტი და ისინი უნდა განკარგავდნენ მას. ნეპოტიზმია საჯარო სამსახურებში. ბიუჯეტის 40% მიდის ხელფასებში"-აცხადებენ ოპოზიციაში.

ქობულეთის მერიაში თემაზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ საკითხის რეგულირება თვითმმართველი ორგანოს კომპენტენცია არ არის. რაც შეეხება ხელფასების მატებას, მათივე თქმით, აღნიშნული საკითხიც ცენტრალიზებულად წყდება.

საპროტესტო აქციები, დღეს პარალელურად 4 თვითმმართველ ქალაქში გაიმართა: ფოთში, ქუთაისში, თბილისსა და ქობულეთში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში