იზოლაციის ვადა სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება

08 თებერვალი 2022, 12:53 3513 ნახვა

მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ, - შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

''ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი მიმდინარეობისთვის და ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან მოქმედი რეგულაციები და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით იზოლაციის პერიოდი უსიმპტომო პირებისთვის კვლავაც რჩება 8 დღე, თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად საკითხზე  დამატებით იმსჯელებენ.

"სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც მეხუთე დღეს ტარდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პირმა შეიძლება გააგრძელოს საქმიანობა პირბადის გამოყენებით, ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს.

აქცენტი კეთდება იმ პროფესიებზე, რომელთა დატვირთვა და დაბრუნება სამსახურში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალზე.

ამ საკითხზე მსჯელობა იქნება და თუ ექსპერტები მხარს დაუჭერენ ვადების შემცირებას შესაბამის განცხადებასაც გავაკეთებთ"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში