ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე - ერთ-ერთი ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

08 თებერვალი 2022, 17:48 1127 ნახვა

5 ივლისის საქმე - "რუსთავი 2"-ის ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

ადვოკატის განმარტებით, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების საფუძველი უშანგი დათუნაშვილის რთულ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ,,რუსთავი 2”-ის ოპერატორის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც დათუნაშვილის კანონის უმკაცრესი ზომით დასჯას არ მოითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში