ვერ დავინახეთ „რიონის ხეობის მცველების“ ბევრი აქტიურობა და ენთუზიაზმი - ეკონომიკის მინისტრი

21 თებერვალი 2022, 13:09 983 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ,,რიონის ხეობის მცველებთან''  დიალოგისთვის მზად არის. ლევან დავითაშვილის თქმით, უკვე ჩამოყალიბებულია სპეციალურ პლატფორმა, რომლის მუშაობაშიც მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს.

''დღესაც მზად ვარ ღია დიალოგისა და საუბრისათვის, თუმცა საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება. აქ საჭიროა ექსპერტების მოსმენა და  სპეციალისტების რჩევის გათვალისწინება. ამიტომ საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის ჩვენ გავხსენით  პლატფორმა, რომ მონაწილეობის საშუალება ჰქონოდათ. 

ამ შემთხვევაში ვერ დავინახეთ „რიონის ხეობის მცველების“ ბევრი აქტიურობა და ენთუზიაზმი. პლატფორმა არის და ვთხოვდი, რომ იქნებ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა და არა პირისპირ ვისაუბროთ. თუმცა ამისთვისაც მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს დავსხდეთ პირისპირ და ვისაუბროთ გულწრფელად და ღიად. მაგრამ თუ კონკრეტულ კითხვებზე გვაინტერესებს პასუხები, მაგალითად უსაფრთხოების, გარემოს ზემოქმედების, ბიომრავალფეროვნების, ტარიფების, ეკონომიკის საკითხებზე, აქ უპრიანია, რომ კონკრეტულ, სწორ ფორმატში დავსხდეთ, რომელშიც ექსპერტები მონაწილეობენ და ის ადამიანები, რომლებსაც ხელეწიფებათ მედიაცია და გარკვეული ნეიტრალური როლის თამაში. ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანია ''ენკასთან'' დაკავშირებით საკმაოდ რთული პროცესია.

''არ არის მარტივი, იმიტომ რომ კომპანიას თავის პრეტენზიები გააჩნია. ისინი მუშა პროცესში შეფერხდნენ. ასევე გარკვეული წინადადებები აქვთ. ჩვენ შეიძლება რაღაცეებს ვითვალისწინებდეთ, რაღაცეებს არ ვეთანხმებით, ამიტომ ეს პროცესი იქნება სამართლებრივი და  ბუნებრივიცაა ვიდრე არ იქნება პროგრესი ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის რაც არ უნდა გვინდოდეს. 

ეს პროცესი თავის თავში ბევრ ელემენტს მოიცავს. ჩართული გვყავს საექსპერტო კომპანიები, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები. მათ შორის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები, რომლებსაც პროექტთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები  შესრულებასთან თუ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. 

ეს კომპლექსური საკითხია და ერთწახნაგოვანი არ არის. ამიტომ უნდა გვესმოდეს ჩვენ ეს ყველაფერი. უნდა დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებაც  ობიექტური ინფორმაცია ექნება საზოგადოებას და განსაკუთრებით დაინტერესებულ პირებს'' - განაცხადა მინისტრმა. 

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან პირისპირ, საჯარო შეხვედრას ითხოვენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში