ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები მიუღებელი და არაქრისტიანულია - საპატრიარქო ძალადობის კადრებზე 

21 თებერვალი 2022, 14:55 1291 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება.

საპატრიარქოს ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან.

'' სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს.

უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან.

დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს'' - წერია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) მიმდინარეობს.

ფიზიკური ძალადობა სასულიერო პირებს შორის. ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია მამა როინ მუმლაძე, რომელსაც შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში