დონეცკის და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა - საგარეო უწყება

22 თებერვალი 2022, 02:03 1356 ნახვა

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ  უხეშ დარღვევას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა  ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ  უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად  იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის/საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს. საქართველო მტკიცედ უჭერს  მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ  საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში