დღეს ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტის განმტკიცება და აღდგენაა - პრემიერი

23 თებერვალი 2022, 13:15 768 ნახვა

დღეს ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და აღდგენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, გმირმა ახალგაზრდებმა, იუნკერებმა დაგვიტოვეს მაგალითი, რომელიც დღესაც სახელმძღვანელოდ რჩება.

„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ დაღუპული გმირების, იუნკერთა ნათელ ხსოვნას. ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგიკული მოვლენა ჩვენს ქვეყანაში მოხდა. სწორედ ამ მოვლენამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის მაშინდელი ისტორია. მოვლენამ, რომელმაც პრაქტიკულად მოწყვიტა ჩვენი ქვეყანა რეალური განვითარების ტემპს, პროცესებს და დიდი ხნის განმავლობაში დაგვაშორა საერთო ევროპულ ოჯახს. ამ დღეს სწორედ გმირმა ახალგაზრდებმა, იუნკრებმა დაგვიტოვეს მაგალითი, რომელიც დღესაც სახელმძღვანელოდ რჩება მრავალი თაობებისთვის. მრავალი ათეული წლების განმავლობაში ჩვენს მეხსიერებაში სწორედ დარჩა მათი თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, იუნკრებმა თავი გაწირეს საკუთარი სამშობლოს დაცვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ვერ შეაჩერეს ის უზარმაზარი „წითელი არმია“, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. კიდევ ვიმეორებ, რომ მათი თავგანწირვა ლეგენდად დარჩა. მათი გმირობის მაგალითი სახელმძღვანელოდ დარჩა ჩვენი თაობებისთვის.

მე აღვნიშნე, რომ დღეს ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და აღდგენა. ამას რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერის გამთლიანება სჭირდება, რომლის გარეშე პრაქტიკულად მიუღწეველია თითოეული მოქალაქის ეს ოცნება. მჯერა, რომ გზა თავისუფლებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, სიმშვიდეზე და ჩვენი ერის გაერთიანებაზე. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომელიც იუნკრების იყო. ეს იყო ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო. კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იუნკრების ნათელ ხსოვნას და ვუსურვებთ ჩვენს ხალხს გაერთიანებას, სიმტკიცეს და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას“,-განაცხადა პრემიერმა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში