დღეს, როცა უკრაინა ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას - პრეზიდენტი 

24 თებერვალი 2022, 15:31 1254 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ უმძიმეს დღეს საქართველო უკრაინის გვერდით დგას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საჭიროა სოლიდარობა და ეროვნული თანხმობა. 

''ეროვნული თანხმობის სესია, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო გავაუქმე. რადგან დღეს მხოლოდ ერთი ეროვნული თანხმობის საკითხია - ეს არის უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინას. ტრაგიკული დღეს არის უკრაინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. 

დღეს, როცა უკრაინა ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერისთვის ევროპასა და მსოფლიოში. ომი ევროპის გულში გაჩაღდა დიალოგის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტს - პრეზიდენტს ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლების დღეს შეეწირნენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. მინდა შევუერთდე გაეროს გენმდივნის და სხვა მსოფლიო ლიდერების მოწოდებებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე. მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას თუ ოპოზიციას და მთავრობას: დღეს, როგორც არასოდეს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია“, - აცხადებს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნა შევიდა, რომელსაც ხელს მოაწერს. 

''საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება უსაფრთხოების საბჭოს სხდომა თუ პარლამენტი რიგგარეშე სხდომა, დაფიქსირდეს,  რომ მთელი ერი უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გვერდით ვდგევართ და მშვიდობის მხარეს. 

მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო (როგორც კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას), ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე. ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში