უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ, მსოფლიო რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებას გეგმავს

24 თებერვალი 2022, 17:59 985 ნახვა

ამერიკა, გერმანია, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, იაპონია და სხვა ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავენ.  

  • 22 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  სპეციალურ ბრიფინგზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. მისივე განცხადებით, სანქციები გატარდება რუსული ელიტისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ. მთლიანად დაბლოკილია ორი ბანკი "WAB" და "Military Bank"-ი. რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს მსოფლიო ბაზრებზე ობლიგაციებით ვაჭრობას და სესხების მიღებას.
  • გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია აჩერებს Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესს. მისივე განცხადებით, მთავრობა ამით უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პასუხობს.

  • გუშინ კი, ჯო ბაიდენმა მის ადმინისტრაციას დაავალა, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მილსადენის მწარმოებლების მიმართ სანქციები გამოცხადდეს. აშშ-ს გადაწყვეტილებას უძღოდა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადება, რომ მილსადენი დახურული დარჩებოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.

  • დიდმა ბრიტანეთმა გუშინ 5 რუსულ ბანკსა და 3 რუსი მილიონერს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო წარადგენს სანქციების უპრეცედენტო და კოორდინირებულ პაკეტს. სანქციები დღეს შევა ძალაში და მომდევნო დღეებში რამდენიმე ტალღად გამოცხადდება. 

  • ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დღეს ევროპელი ლიდერები წარმოადგენენ „მასობრივ და ტარგეტირებულ სანქციებს“. მისივე თქმით, გაიყინება რუსული ქონებები ევროკავშირში, შეჩერდება რუსული ბანკების წვდომა ევროპის ფინანსურ ბაზართან.

  • ჩეხეთმა და ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერეს.
  • ბელგიას სურს, ევროკავშირმა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტოს, მათ შორის სტუდენტებისთვის, დასაქმებულებისთვისა და ტურისტებისთვის. 
  • უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციები დააწესა ავსტრალიამაც. პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, ავსტრალია პირველ რიგში დააწესებს მოგზაურობის აკრძალვასა და მიზნობრივ ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 8 წევრზე - ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და თავდაცვის მეთაურებზე. ავსტრალიურ ბანკებთან ტრანზაქციები აეკრძალა 5 რუსულ ბანკს, ესენია: რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკი, სამხედრო ბანკი Промсвязьбанк, ВЭБ, IS ბანკი, გენერალური ბანკი და შავი ზღვის ბანკი.
  • კანადა სანქციებს უწესებს რუსეთის პარლამენტის წევრებს, რომლებმაც აღიარეს სეპარატისტული ტერიტორიები აღმოსავლეთ უკრაინაში. სანქციების მიხედვით, აიკრძალება ფინანსური ურთიერთობა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან.

  • იაპონიის პრემიერმა, ფუმიო კაშიდამ კი განაცხადა, რომ იაპონია შეაჩერებს ვიზების გაცემას და გაუყინავს აქტივებს მათ, ვინც აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობას.

დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში