ოკუპანტები დივერსიულ ქმედებებზე გადადიან - რუსეთი უკან დახევას არ აპირებს

26 თებერვალი 2022, 18:10 1645 ნახვა

უკვე მესამე დღეა რაც  რუსული სამხედრო შენაერთები უკრაინაში დასახული სტრატეგიული ობიექტების დაკავებას ცდილობენ.  უკრაინელი სამხედროები და რიგითი მოქალაქეები გმირობის მაგალითს აჩვენებენ და სამშობლოს დაცვას განაგრძობენ. რუსეთის რამდენიმე მცდელობა, რომ კიევი დაიკავოს, ამაო აღმოჩნდა.  დედაქალაქის მისადგომებთან სროლისა და აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის.

ძლიერი აფეთქებებია ხარკოვში. სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქ რუსმა სამხედროებმა დაიკავეს სტანიცა ლუგანსკა, კრიმსკე და მარკოვკა. სუმის რეგიონში რუსული ავიაცია ჭურვებს ყრის.  მტრის მოგერიებას განაგრძობს ხერსონის რეგიონი.

უკრაინის არმიამ  ჩერნოგოვში, გოროდნიას მიმდებარე ტერიტორიიდან რაკეტა ესროლა რუსების კოლონას, განადგურდა დაახლოებით 20 ერთეული ტექნიკა, არიან დაჭრილები და დაღუპულები.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მარცხის შემდეგ რუსეთი ტაქტიკას ცვლის, მისი თქმით, ოკუპანტები დივერსიულ ქმედებებზე გადადიან. როგორც ჩანს რუსეთი უკან დახევას არ აპირებს, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადება. პესკოვი ამბობს რომ კიევმა მოლაპარაკებებზე უარი თქვა, რის გამოც სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება.

ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, მისი თქმით, რუსეთის გეგმა იყო გასულ ღამეს ის დაეჭირათ და უკრაინის ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტი დაესვათ, თუმცა რუსეთის ეს გეგმა ჩავარდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში