რუსები ამზადებენ დადგმას სახელად – „ჩვენ მივდივართ გომელში“, პარალელურად კი გვესვრიან ჭურვებს - უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

27 თებერვალი 2022, 13:01 1195 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი რუსეთის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას ეხება. მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ ქვეყანა ამ საკითხით მანიპულირებს. 

მისივე თქმით, მოლაპარაკებები უნდა შედგეს „შეთანხმებულ ფორმატში, შეთანხმებულ ადგილას“.

„რუსეთი ცდილობს მოაქციოს უკრაინა მიუღებელი ულტიმატუმის პირობებში, რაზეც ჩვენ მკაფიოდ და კატეგორიულად ვაცხადებთ უარს. ამასთანავე, ისინი ცდილობენ აჩვენონ სამყაროს, რომ თითქოს, ყველაზე მეტად არიან მზად მოლაპარაკებისთვის, ამზადებენ ერთგვარ დადგმას, სახელად – „ჩვენ მივდივართ გომელში“ და იწყებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას ბომბდამშენებითა და მასშტაბურად ესვრიან ჭურვებს ჩვენს დასახლებულ პუნქტებს,“ – უთხრა პოდოლიაკმა ტელეკომპანია „დოჟდს“.

რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის და უკრაინელებს ბელარუსში, ქალაქ გომელში ელოდებიან.

უკრაინის პრეზიდენტი კი ბელარუსში მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინას თავს არ დაესხმებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში