შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, უკრაინაში რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია - პრემიერი

28 თებერვალი 2022, 12:23 987 ნახვა

შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატო, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია.

„უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებს. ამის თაობაზე გვქონდა ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია. გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე.

დღეს დილით, ჩემი გადაწყვეტილებით 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინულ მხარეს. რა თქმა უნდა, ეს ჰუმანიტარული ტვირთი არის დახმარება ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმებისთვის.

ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და ვერ დაბრუნდნენ უკრაინაში, მათაც მიეწოდებათ ყველა სერვისი და ყველა მომსახურება თბილისში უფასოდ"-განაცხადა პრემირმა.

მისივე თქმით, საქართველომ ყველა დონეზე მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ.

„ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნებოდა ეს ეუთო-ს მინისტერიალი თუ გაერო-ს ფორმატში, ყველა დონეზე მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ.

ასევე ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მონაწილეობა ეუთო-ს მინისტერიალში, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დოკუმენტს. ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ, ხაზგასმით გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მკაფიო სოლიდარობა ვაჩვენეთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს. ასევე ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის უფლების შეჩერების შესახებ და რა თქმა უნდა, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე მინისტრმა ზალკალიანმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს პოზიციის შესახებ. ასევე გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას საქართველომ 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ დასავლეთის დაწესებული სანქციები ეფექტური საშუალება არაა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში