ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და სახლებს სახურავები გადახადა

03 მარტი 2022, 15:01 3521 ნახვა

ძლიერი ქარის შედეგად, ქობულეთში, ბობოყვათის მონაკვეთზე ევკალიპტის ხე წაიქცა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა.

მომხდარის გამო ავტომობილებს ამ დროისთვის გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციის მართვისა და ქობულეთის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები. იქვე იმყოფება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

სოფელ ლეღვაში, ქარმა გოგიტიძეების სოციალურად დაუცველ,  5 წევრიან ოჯახს სახურავი გადახადა.

ქარმა ყოფილი კვირიკეს მეურნეობაში  საცხოვრებელ ბინას სახურავი  მთლიანად გადახადა.

შენობაში 8-ოჯახი ცხოვრობს. სახურავი  ავტომობილს დაეცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამის გასათევი არ აქვთ. მათივე განმარტებით, ჯერ-ჯერობით ადგილზე არ მისულა არც მუნიციპალიტეტის და არც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები. ისინი დახმარებას და ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ.

ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და სავალი ნაწილი ჩახერგა აღმაშენებლის ქუჩაზეც, აღნიშნულ მონაკვეთზეც გადაადგილება შეფერხებულია.

ქობულეთის გამწვანების სამსახურში აცხადებენ, რომ სულ 4 შეტყობინება შევიდა. მათგან ყველაზე ცუდი სიტუაცია ბობოყვათის მონაკვეთზეა.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ უწყებაში ცხელ ხაზზე 7 შეტყობინება შევიდა, რომლებზეც მყისიერი რეაგირება მოხდა. მათივე განმარტებით, სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ და ზარალის აღწერას ახდენენ.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიწოდება სოფლების: ციხისძირი, დაბა ოჩხამური, დაგვა, ბობოყვათის ნაწილს.

​რაც შეეხება სოფელ კვირიკეს, სადაც ქარმა მრავალბინიან კორპუსს გადახადა სახურავი. მერიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივებს დღესვე ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ, სამომავლოდ კი შესაძლოა დაზიანების შეკეთებამდე ქირით გაიყვანონ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში