რუსეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად შეიარაღებული ძალების შესახებ "ფეიკ ამბების" გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება

04 მარტი 2022, 11:51 1452 ნახვა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად შეიარაღებული ძალების შესახებ "ფეიკ ამბების" გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება და პატიმრობას ითვალისწინებს. კანონი ერთხმად დღეს მესამე  მოსმენით მიიღეს. 

კანონი რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ჯარიმას 700 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონპროექტი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ფედერაციის საბჭოს და მისი ამოქმედება, შესაძლოა, უკვე ხვალიდანვე დაიწყოს.

აღნიშნული კანონი ითვალისწინებს ასევე 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ისეთი მოწოდებებისთვის, "რომლებიც ეწინააღმდეგება რუსული ჯარების გამოყენებას რუსეთის ინტერესების დასაცავად“.

ისეთი ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელებისთვის, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები - გათვალისწინებულია 10-დან 15 წლამდე პატიმრობა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოწოდებისთვის პირი დაისჯება ჯარიმით 500 ათას რუბლამდე ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით

რუსეთში უკვე დაბლოკეს კიდევ ორი თავისუფალი მედიასაშუალება – Radio Liberty და Meduza. ამასთანავე, შეიზღუდა წვდომა BBC-ის რუსულ ბიუროზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში