მინისტრებმა განიხილეს პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მხარდაჭერის აუცილებლობა - სტოლტენბერგი

04 მარტი 2022, 17:59 1287 ნახვა

კრემლის ამბიციაა, გავლენის სფეროების აღდგენა და სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლების წართმევა. მინისტრებმა განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერის საჭიროება, რომლებიც შესაძლოა, რისკის წინაშე იყვნენ, მათ შორის საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ნატო-ს და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ს

ტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნების დასაცავად მეტი უნდა გააკეთონ.

„ნატო მხარდაჭერას უწევს საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და სხვა პარტნიორებს მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, რეფორმებში მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ასევე გვაქვს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. გვაქვს საერთო სწავლებები და სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან. ჩვენ არ მიგვიღია ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები, ეს არის ფართო შეთანხმება, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნების დასაცავად. ეს იმის ნაწილია, რომ გავაფართოოთ ის, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ მათი თავდაცვითი და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებით, რეფორმებით, წვრთნებით. ასევე, პოტენციურად მეტი აქტივობების დამატებით ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, რადგან როგორც იხილეთ უკრაინის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა, იყვნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ინტერვენციის, ძირგამომთხრელი საქმიანობისა და პოტენციურად თავდასხმების რისკის წინაშე“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვერ დააკმაყოფილებს პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნას საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ. ალიანსი შიშობს, რომ ბრიუსელის ეს ნაბიჯი ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდება.

"ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ უკრაინაში შესვლას, არც ხმელეთით, არც უკრაინის საჰაერო სივრცეში. რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა საჰაერო სივრცის ჩასაკეტად, არის ნატოს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და ჩაკეტილი საჰაერო ზონის შექმნა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების გზით.

ჩვენ გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ეს, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს სრულმასშტაბიან ომამდე ევროპაში უფრო მეტი ქვეყნის ჩართულობით და მიგვიყვანს ბევრად მეტ ადამიანურ ტანჯვამდე. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც მივედით ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე, რომ გამოვიყენოთ მძიმე სანქციები, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ უკრაინას, გავაძლიეროთ ეს დახმარება, მაგრამ ეს გავაკეთოთ ნატოს ძალების უშუალოდ კონფლიქტში ჩაურთველად არც ხმელეთზე და არც ცაში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში