ღამის განმავლობაში დაიბომბა ხარკოვი, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში... - ომის მე-11 დღე

06 მარტი 2022, 12:14 1271 ნახვა

ომის მეთერთმეტე და ისევ ძალიან მძიმე ღამე უკრაინელებისთვის. ღამის განმავლობაში დაიბომბა ხარკოვი, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, რუსული ავიაცია კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს ბომბავს, აგრესორებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, არის მსხვერპლი, თუმცა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

დაიბომბა საცხოვრებელი სახლებიც. მძიმე სიტუაციაა მარიუპოლშიც. მერის განცხადებით ქალაქს ხუთი დღეა  არ მიეწოდება ელექტროენერგია, გათიშულია მობილური კავშირი,  მოსახლეობა წყლის გარეშეა  დარჩენილი. ვადიმ ბოიჩენკო  ათასობით დაჭრილისა და დაღუპულის შესახებ საუბრობს.

გაეროს სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით კი 24 თებერვლიდან,  მინიმუმ 351 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 707 კი დაიჭრა, თუმცა აცხადებენ იმასაც, რომ რეალური რიცხვი, სავარაუდოდ „ბევრად მაღალია“.

აგრესორი რუსეთის ბაზარს ტოვებენ ყოველდღიურად დიდი კომპანიები. რუსეთში მუშაობას წყვეტს Visa და Mastercard-იც. ამერიკა უკრაინას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაზრდის პირობას აძლევს, დიდი ბრიტანეთი კი  ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას ამზადებს.

ბორის ჯონსონის განცხადებით სამოქმედო გეგმა პუტინის ამბიციის დამარცხებას ითვალისწინებს.

ამ ფონზე კიდევ ერთი მოლაპარაკება შედგება, ხვალ მხარეები შეეცდებიან რიგ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში