ქუთაისში სოლიდარობის აქციაზე ხელისუფლებას მოთხოვნები წამოუყენეს

06 მარტი 2022, 19:46 1019 ნახვა

"რუსეთი დამნაშავეა", ,,ნატო ჩვენი არჩევანია'', -  ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით აპროტესტებენ ქუთაისში რუსულ აგრესიას.  

უკრაინის  მხარდამჭერი  აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან.  

მათ დღევანდელ აქციაზე ოთხი მოთხოვნა წამოაყენეს:

1. საქართველოს ხელისუფლებამ დახუროს ცა რუსული საჰაერო ტრანსპორტისთვის, რაც შეზღუდავს რუსული თვითმფრინავების გადაადგილებას სხვა ქვეყნებში; 

2.კომპანია "მაგთიკომმა" და "სილქნეტმა" შეზღუდონ რუსული პროპაგანდისტული არხების ტრანსლირება; 

3. „თავისუფლების ქარტიის"  საბჭომ ჩამოხსნას ქუთაისის სკვერში რუსი რევოლუციონერის, ვასილ კიკვიძის ძეგლი; 

4.ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააუქმოს ქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯები და დაზოგილი თანხით დაეხმაროს უკრაინელ მოქალაქეებს.

აქციას ჰუმანიტარული ხასიათიც აქვს. მოქალაქეები უკრაინაში გასაგზავნად ტანსაცმელსა და პირველადი მოხმარების საგნებს აგროვებენ.

,,ყველას, ვისაც სურს უკრაინელ ხალხს დაეხმაროს, შეუძლია ნივთები და არამალფუჭებადი საკვები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოიტანოს," - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნანა ჯანაძე.

აქციას რიგითი მოქალაქეების გარდა,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ქუთაისში უკრაინისადმი სოლიდარობის ასეთი მასშტაბური აქცია უკვე მეშვიდედ იმართება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში