რძის პროდუქტების იმპორტზე რამდენიმე კომპანიამ რუსეთში განცხადება 2020 წელს გააგზავნა - ეკონომიკის მინისტრი 

07 მარტი 2022, 12:58 1043 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოდან ქართული რძის პროდუქტების იმპორტზე რამდენიმე კომპანიამ რუსეთის ბაზარზე გასასვლელად განცხადება 2020 წელს გააგზავნა, პასუხი კი ორი დღის წინ მოვიდა. 

„როგორც იცით, ბოლო პერიოდში, მე აღარ ვარ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა, სრულად ვფლობ ინფორმაციას საკითხზე, რომელიც, შემსუბუქებებთან დაკავშირებულ საკითხს ეხება. აქ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან, რამდენიმე კომპანიისგან, განცხადება რუსეთში 2020 წელს გაიგზავნა. 2020 წლიდან დღემდე, კომუნიკაცია არ ყოფილა.

ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ, რომ ალბათ, ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. მითუმეტეს ომის პირობებში, საქართველოს, დამატებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან - მათ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა.

ცხოველური წარმოშობის სურსათის პროდუქტებს სპეციალური რეგულაცია გააჩნია, კონკრეტულ საწარმოებს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან აღიარება სჭირდებათ, რასაც კიდევ უფრო დეტალურად განმარტავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ეს ინფორმაცია საქართველოდან 2020 წელსაა გაგზავნილი. 2020 წლიდან დღემდე, ამაზე პასუხი არ ყოფილა. პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც რუსულმა მხარემ პროაქტიულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადებზე, რომლებიც საქართველოდან ჰქონდათ მიღებული, შესაძლოა, ყოფილიყო დადებითი პასუხი“, - აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში