მოლაპარაკებების მესამე რაუნდი

07 მარტი 2022, 14:49 1045 ნახვა

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებებისთის უკვე გზაში არიან, ისინი ბელარუსში მიემგზავრებიან, ამის შესახებ უკრაინული გამოცემა წერს. რა შედეგით დასრულდება მორიგი აუდიენცია? შეწყდება თუ არა საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში? - დღეს უნდა გაირკვეს, თუმცა მოლოდინი არ არის პოზიტიური, იქედან გამომდინარე, რომ წინა შეხვედრები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იყო უშედეგო- რუსეთს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში არ შეუწყვიტავს.

ბოლო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება, თუმცა მოლაპარაკების ეს პუნქტი მალევე დაირღვა.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი კი 10 დღის წინ შედგა და ის 6 საათი გაგრძელდა.

ომის დაწყებიდან მე-12 დღეს ისევ იბომბება უკრაინის  ქალაქები და ისევ ისმის განგაშის სიგნალი. ლუგანსკში ნავთობბაზა იწვის. რუსმა ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს ნიკოლაევზეც, რომელიც მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაიბომბა. მძიმე ღამე იყო ხარკოვშიც.  რუსულ აგრესიას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სრულად განადგურდა 21 შენობა.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული ოდესაში. ამ ქალაქში დღეს რუსეთის თავდასხმას ელოდებიან. დღეს ვინიცის აეროპორტიც დაიბომბა, დაიღუპა 9 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში