ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსმა ოკუპანტებმა ცენტრალური საავადმყოფო გაანადგურეს

09 მარტი 2022, 10:09 843 ნახვა

ორი კვირაა უკრაინაში ომია. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე მთელი ცივილური სამყარო ცდილობს სანქციებითა და მოწოდებებით რუსეთის აგრესია შეაჩეროს, თუმცა პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას არ იძლევა.

მე-14 დღეა საომარი მოქმედებების შედეგად იღუპებიან სამხედროები, მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები და ქალები.

გუშინ ისევ იბომბებოდა უკრაინის დიდი ქალაქები. კვლავ აფეთქებების ხმა ისმის კიევსა და მიმდებარე რაიონებში. დედაქალაქში კვლავ ამოქმედდა საჰაერო განგაშის სიგნალები და ადგილობრივები ბუნკერებს აფარებენ თავს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის გარდა, სიგნალების ხმა ქვეყნის რამდენიმე სხვა ქალაქშიც ისმის, მათ შორის ჩერნიგოვში, ლუბნიში, პოლტავასა და ვასილკოვში.

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გაანადგურეს. უკრაინული მედიის ცნობით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაა, ბევრი პაციენტი სარდაფში იმყოფება და იქიდან მათი გამოყვანა ვერ ხერხდება. საავადმყოფოს სარდაფში რჩებიან პაციენტები - ავადმყოფები და მძიმედ დაჭრილები, მათი ევაკუაცია და სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ხარკოვში მორიგი საჰაერო თავდასხმისას რუსეთმა სულ მცირე 3 უმართავი ბომბი ჩამოაგდო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებში 2 ადამიანის, მათ შორის 7 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში