ომი უკრაინაში - დღე მეთოთხმეტე

09 მარტი 2022, 10:07 522 ნახვა

თითქმის ორი კვირაა უკრაინაში ომია. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე მთელი ცივილური სამყარო ცდილობს სანქციებითა და მოწოდებებით რუსეთის აგრესია შეაჩეროს, თუმცა პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას არ იძლევა.

მე-14 დღეა საომარი მოქმედებების შედეგად იღუპებიან სამხედროები, მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები და ქალები.

უშედეგო იყო აქამდე გამართული სამივე რაუნდი რუსეთსა და უკრაინას შორის. გუშინ ისევ იბომბებოდა უკრაინის დიდი ქალაქები. კვლავ აფეთქებების ხმა ისმის კიევსა და მიმდებარე რაიონებში.

დედაქალაქში კვლავ ამოქმედდა საჰაერო განგაშის სიგნალები და ადგილობრივები ბუნკერებს აფარებენ თავს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის გარდა, სიგნალების ხმა ისმის ჩერნიგოვში, ლუბნიში, პოლტავასა და ვასილკოვშიც.

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გაანადგურეს, სადაც მძიმე მდგომარეობაა, ბევრი პაციენტი სარდაფში იმყოფება და მათი ევაკუაცია და სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. 

რუსეთმა შეუტია ჟიტომირის ოლქსაც. ქალაქ მალინში მდებარე საცხოვრებელი სახლები ავიაციამ დაბომბა, შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის   ორი ბავშვი. დანგრეულია შვიდი   სახლი. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში