სურსათის დეფიციტი არ არის - სოფლის მეურნეობის მინისტრი

09 მარტი 2022, 16:08 1863 ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს.

„დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში, სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება და ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.

„გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდათ დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, - განაცხადა ივა ჭყონიამ. 

მისივე თქმით, საქართველოში, პროდუქციის დეფიციტი არ იქნება, თუმცა გარდაუვალია ფასების ზრდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან ქარხანა „აგარის შაქარი“ სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას.

„დღევანდელ დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები. პირველი აპრილიდან ქარხანა „აგარის შაქარი“ სრულად დაიტვირთება. შესაბამისად, ადგილზე მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კომპანია „აგარის შაქარის“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ.

​მოქალაქეები დღეს სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მაღაზიების ნაწილში შაქარი დახლებზე არ იყო, ან მას ლიმიტირებულად ყიდდნენ. მსგავსი შეზღუდვები იყო ფქვილზეც. 

შაქრის ფასი სავაჭრო ობიექტებში 4 ლარს აღწევს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში