საქართველოს რუსეთთან მოგება ჩაუთვალეს და მსოფლიო თასზე ითამაშებს

10 მარტი 2022, 16:41 1640 ნახვა

საქართველო მეთხუთმეტე ქვეყანა გახდა, რომელმაც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

მსოფლიო რაგბმა რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირების საკუთარი რიგებიდან გარიცხვის შემდეგ, მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი ზონის მდგომარეობა განიხილა.

რუსეთს 2021 და 2022 წლებში დაფიქსირებული შედეგები შეუნარჩუნდა, საქართველოსთან, პორტუგალიასთან და ნიდერლანდებთან გასამართ მატჩებში კი, წაგებები ჩაეთვალა.

შედეგად, სამივე გუნდმა 4-4 საცხრილო ქულა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნებს 35 ქულა მოუგროვდათ და ევროპის ორ მოწინავე გუნდს შორის ადგილი დაიმკვიდრეს.

გასარკვევი ისღა დარჩა, საქართველო საფრანგეთში ევროპა1-ის სახელით გაემგზავრება თუ ევროპა2-ის. თეორიულად, ესპანეთს, რომელსაც 25 ქულა აქვს, პირველი ადგილის დაკავების შანსი ჯერ კიდევ რჩება.

რუმინეთთან და ესპანეთთან ერთი ქულის აღების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები პირველ ადგილს საბოლოოდ გაიფორმებენ და საფრანგეთში გ ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფის გამარჯვებულთან ერთად მოხვდებიან.

2003 წლის შემდეგ, საქართველო მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში